ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა - ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა მარტო დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არ არსებობა.
ჯანმრთელობის ცნების ამგვარი განმარტება არ შეიძლება სრულყოფილად ჩაითვალოს იმდენად, რამდენადაც თითქმის შეუძლებელია არა თუ ადამიანთა ჯგუფის, არამედ ცალკეული პიროვნების მოძიება, რომელიც არსებულ განმარტებას დაააკმაყოფილებს. ამიტომ, ჯანმრთელობის ცნების არსებული ფორმულირება უნდა მივიღოთ როგორც იმ იდეალური მოდელის განმარტება, რომელსაც ნებისმიერი საზოგადოება უნდა ესწრაფოდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკის - "ჯანმრთელობა ყველასათვის" თანახმად გაჯანსაღება, დაავადებათა პროფილაქტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ინვალიდების მოვლა მუდმივად განვითარებადი სტრატეგიის ძირითადი ელემენტებია. თითოეული ადამიანი გარანტირებული უნდა იყოს იმით, რომ დაცულ იქნება მისი ჯანმრთელობის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების, ავადმყოფობისა და ტრავმებისაგან ეფექტიანი დაცვის უფლებები.
მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულებაა. იგი საზოგადოების განვითარების ძირითადი პირობა და ამავე დროს - მისი ზემოქმედების საბოლოო შედეგია. მისი შენარჩუნება და განვითარება ქვეყნისათვის ერთ - ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დონის შესაფასებლად გამოიყენება სხვადასხვა მაჩვენებლები: დემოგრაფიული (შობადობა, სიკვდილიანობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა), ავადობის, დაინვალიდების (მყარი შრომისუუნარობის), ფიზიკური განვითარებისა და სხვა მაჩვენებლები.
მედიცინის მთავარი ამოცანაა, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რით არის განპირობებული მოსახლეობის ჯანმრთელობა. მიჩნეულია, რომ სხვადასხვა ფაქტორები შემდეგ ზეგავლენას ახდენენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:
· ცხოვრების წესი და პირობები - 48-50%,
· გარემო - 20-22%,
· გენეტიკური ფაქტორები - 18-20%,
· ჯანმრთელობის დაცვის წილი - 12-14%.
ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებამ ცხადყო, რომ
წამყვან როლს თამაშობს ის სოციალური გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. ცხოვრების წესი არის სფერო, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის მაჩვენებლებზე. ცხოვრების წესს გარკვეულად განაპირობებს ცხოვრების პირობები, მაგრამ არასწორია მათი სინონიმებად წარმოდგენა.
ცხადია, რომ მატერიალური კეთილდღეობის დონე უეჭველად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესზე. სტატისტიკური მონაცემებით მცირე შემოსავლის მქონე პირები საზოგადოების მაღალანაზღაურებად ფენებთან შედარებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ, იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკულ დახმარებას, გააჩნიათ სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი. მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის ჯგუფები ხშირად იყენებენ სამედიცინო დახმარების პროფილაქტიკულ სახეებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელობა აქვს არა თვითონ მატერიალური შესაძლებლობებს, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მათ გონივრულ გამოყენებას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული როგორც საერთო, ისე სამედიცინო განათლების დონეზე. ერთნაირი ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფების შედარებისას ნაჩვენებია, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა სიკვდილიანობა 1,5-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შედარებით დაბალი განათლების მქონე ჯგუფებში. დამაჯერებელია, აგრეთვე, მონაცემები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობებს შორის განსხვავებების შესახებ. მიჩნეულია, რომ განათლების უფრო მაღალი დონის მქონე პირების სიცოცხლის დიდი ხანგრძლიობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათი შრომისა და დასვენების რაციონალურ სტერეოტიპებთან. ასევე ცნობილია, რომ დედის განათლება პირდაპირ კავშირშია საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობასთან.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს პროგრესს, მაშინ, როდესაც ჯანმრთელობისათვის ზრუნვა, როგორც ადამიანის განვითარების აუცილებელი ასპექტი, გულისხმობს საზოგადოებრივ პროგრესს. მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების დარგში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანისათვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს შექმნას, გააზრებული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას, სოციალური სტრესების მოხსნას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსახლეობის აღზრდასა და წრთვნას პირველადი სამედიცინო ცოდნისა და ჩვევების მისაღებად,.
საზოგადოების განვითარებასთან ერთად მედიცინა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა დიდი ხანია ვიწრო პროფესიულ ინტერესებს გასცდა და მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. თანამედროვე ადამიანს უჩნდება კანონიერი სურვილი - უზრუნველყოფილი იყოს ადექვატური სამედიცინო ინფორმაციით. მოსახლეობის სამედიცინო განათლებამ უნდა უზრუნველყოს თვით და ურთიერთდახმარების ჩვევების გამომუშავება, ქცევის ისეთი ელემენტების ჩამოყალიბება, რომლებიც ადამიანს საშუალებას მისცემს დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა, შეინარჩუნოს და განამტკიცოს იგი.
მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ავადობის შემცირების მიზნით გატარებულ ღონისძიებათა შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და დამკვიდრებისათვის აუცილებელი პრინციპებისა და კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტა. მრავალი დაავადების პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა და მოსახლეობაში ფართოდ დანერგვის გზით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რთული დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობის პირობებში.
ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს იმ ქცევას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ე. ი. ცხოვრების ჯანსაღი წესი საკუთრივ მოიცავს ქცევის ყველა ელემენტს (შრომითი, სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, სამედიცინო აქტივობა), რომელთა მიზანია ინდივუიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე შეიცავს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ - ფაქტორების თავიდან აცილების გზებს.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებია:
- მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირება;
- მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემცირება;
- მოსახლეობის მიერ წამლების ბოროტად გამოყენების შემცირება;
- მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის უზრუნველყოფა.
ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს როგორც მძლავრი პროპაგანდისტული ზემოქმედება მოსახლეობაზე, ისე სათანადო სამკურნალო - სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი ქსელის შექმნა.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.
No comments:
Post a Comment